თეთრ სახლს უკრაინაში „სტარლინკის“ მუშაობის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ „აქსიოსს“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლები თეთრი სახლის წარმომადგენლებს ესაუბრნენ და დაინტერესდნენ, მიღებული იყო თუ არა გადაწყვეტილება უკრაინაში „სტარლინკის“ მომსახურების გათიშვის შესახებ და რისი გაკეთება შეიძლებოდა პრობლემის მოსაგვარებლად.
მედიის ცნობით, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ანალოგიური ზარებით მიმართეს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და პენტაგონსაც.
წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა უკრაინელებს განუცხადეს, რომ კომპანია „სფეის იქსზე“ კონტროლი არ აქვთ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს „სფეის იქსს“ დაუკავშირდეს, რათა გაარკვიოს, რა მოხდა.
მანამდე კომპანია „სფეის იქსის“ დამფუძნებელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სტარშილდის“ (Starshield) სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მის კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით, სიჩქარისა და გამოყენების ნებისმიერ შეზღუდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, საბოლოო ჯამში, აშშ-ის პრეზიდენტი იღებს.
თეთრ სახლს უკრაინაში „სტარლინკის“ მუშაობის შეზღუდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, „სტარშილდი“ ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ „სტარლინკთან“ დაკავშირებული მიმართულებაა, რომელიც აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებისთვის სამხედრო დანიშნულების თანამგზავრებსა და უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს ქმნის.
