ვაშაძეს გადაუწყვეტია, რომ ნაცმოძრაობასთან გაერთიანდეს. გაერთიანებული არის ისედაც, მაგრამ როგორც ჩანს მისი ნომრით გამოსვლაზეა საუბარი, პაატა მანჯგალაძესაც ეს დაუდასტურებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ერთადერთი მიზეზი და მთავარი, არის ის, რომ რეიტინგებში ვერცერთი არა თუ 5%, არამედ 2-3%-საც ვერ ცდება და ამიტომ ჩნდება იმის ცდუნება, რომ მსხვილ პარტიასთან, რომელსაც გარანტირებულად შეუძლია გადალახოს საარჩევნო ბარიერი გაერთიანდეს, ოღონდ ამით არაფერი იცვლება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ესენი ისედაც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები არიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა“ დიალოგის რეჟიმში რჩებიან და „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ კვირის ბოლოს მიაწვდიან.