„რაფაჰის“ გამშვები პუნქტის გავლით, ღაზის სექტორში გვიან ღამით, ჰუმანიტარული დახმარების მეოთხე პარტია შეუშვეს, საზღვარი 8 სატვირთომ გადაკვეთა. ანკლავში წყალი, კვების პროდუქტები და მედიკამენტები შეიტანეს.
ჰუმანიტარული ორგანიზაციების განცხადებით, დახმარების მოცულობა სექტორში მყოფი 2 300 000 ადგილნაცვალი პირისთვის, საკმარისი არ არის, ამასთან, ისინი რეგიონში საწვავის შეტანის აუცილებლობაზე მიუთითებენ, რაზეც ისრაელი კატეგორიულ უარს აცხადებს.
მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საწვავის დაშვების სანაცვლოდ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე 50 მძევალს გაათავისუფლებდა.
„ღაზის სექტორში საწვავი არ შევა, „ჰამასს“ ეს საოპერაციო მიზნებისთვის სჭირდება, ის მას სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის იყენებს. „ჰამასმა“ გაეროს პალესტინის დახმარების სააგენტოს კუთვნილი საწვავი უკვე მიითვისა. ის მას უნდა ჩამოერთვას და საავადმყოფოებს გადაეცეს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის სპიკერმა, დენილ ჰაგარმა.