ბატუტზე ხტომაში ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. ჩვენმა გუნდმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც მოპოვებულია მსოფლიოს უძლიერეს მხტომელებთან პაექრობაში, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა – ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი, თეონა ჯანჯღავა – ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, იქ კი ასევე დამაჯერებლად გამოვიდა, ჩინეთისა და საფრანგეთის გუნდების შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს ჯილდოს დაეუფლა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ ისტორიულ წარმატებას ულოცავს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ტანვარჯიშის ფედერაციას.