საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამოჩნა, რომ USAID-ი, რომელსაც, თავის დროზე, აშშ-ის ადმინისტრაციამ თაღლითური ორგანიზაცია უწოდა, სინამდვილეში დანაშაულებრივ სინდიკატს წარმოადგენდა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოქმედებდა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, დასტურდება, რომ ევროკავშირი USAID-ის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელს არჩევნებში ჩარევისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციისთვის იყენებდა.
„ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტები. ეს რადიკალურად ცვლის იმ მტკიცებულებების გარემოს, რაც აქამდე გვქონდა საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებით. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ერთი ერთში, მთლიანად დადასტურდა თავად აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც წინა ადმინისტრაციის დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. დადასტურდა, რომ USAID-ის დაფინანსებით მსოფლიოში, მათ შორის უშუალოდ საქართველოშიც, უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელი იქმნებოდა. სწორედ ამით არის ღირებული დოკუმენტების ახალი პაკეტი. ასეთი ქსელი საქართველოშიც შეიქმნა. მასში ჩართული ჰყავდათ ყველაზე ცნობილი და მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ე.წ. ექსპერტები და აქტივისტები. მეორე – ამ ქსელის ამოცანა იყო დამფინანსებლისთვის სასარგებლო ნარატივების გავრცელება და მათი ხილვადობის გაზრდა და პირიქით, იმ ინფორმაციის მიჩქმალვა, დამალვა და გაუჩინარება, რომელიც არასასურველი იყო დამფინანსებლისთვის – USAID-ისთვის თუ სხვებისთვის. ამ პროცესში ჩართული ჰყავდათ Facebook, Instagram, Twitter და YouTube, რომლებიც უშუალოდ აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის დავალებით შლიდნენ კონტენტს, რომელიც წინა ადმინისტრაციისთვის მიუღებელი იყო. ისინი ხელოვნურად აფერხებდნენ ამ კონტენტის ხილვადობას და ზოგიერთ პროფილსა თუ გვერდს შლიდნენ.
გამოჩნდა, რომ USAID-ის შემთხვევაში, რომელსაც, თავის დროზე, აშშ-ის ადმინისტრაციამ თაღლითური ორგანიზაცია უწოდა, დღეს შეგვიძლია, თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებდა. ამ საქმიანობაში ჩართული ჰყავდა ადგილზე რეკრუტირებული და გადაბირებული ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა ეს ყველაფერი უკვე აშკარაა – „ვიცით, მათ შორის, ის ორგანიზაციებიც, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყვნენ ჩართული“.
„ამ ორგანიზაციებს შორის იყო ე.წ. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის, რომელსაც ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი კურირებდა, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ბრიტანული კომპანია „ზინკი“. ქსელში ჩართული იყვნენ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის, მაშინ ბოკერიას მოადგილის, თამარ კინწურაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია, სერგი კაპანაძის არასამთავრობო ორგანიზაცია, გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაცია – მთელი ნაცელიტა, რომელიც, როგორც ყველამ იცის, უცხოეთის დაკვეთით მუშაობს. ჩართული იყო ISFED-იც და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ამ ქსელის გაცხადებული მიზანი ადამიანების დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლა იყო.
„ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ქსელი, რომელიც უცხოური საინფორმაციო თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა. მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ქსელს ევროკავშირიც იყენებდა. ეს დასტურდება, მათ შორის, 2022 წლის არჩევნების წინ მომხდარი მოვლენებით: ამ ქსელის გამოყენებით ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდნენ არჩევნებში და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ.
დღეს უკვე ორი რამის თქმა შეგვიძლია. პირველი: იმ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებმა – ISFED-ის, MDF-ის, IDF-ის, SOVLAB-ის და იმ 13 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე მათმა ლიდერებმა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ასეთ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ? შესაბამისად, ისინი ან უცხო სახელმწიფოებისა და სპეცსამსახურების ხელმოწერილი აგენტები არიან, ან სასარგებლო იდიოტები. თითოეულმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა გვითხრას, როდესაც ამას აკეთებდნენ, იცოდნენ თუ არა, რომ ამ კრიმინალური სინდიკატის ნაწილი იყვნენ და არიან ხელმოწერილი აგენტები, თუ სასარგებლო იდიოტები. და მეორე – ევროკავშირისა და ევროკავშირის ელჩისთვის ეს უდიდესი სირცხვილი და შავი ლაქაა. დასტურდება, რომ ის USAID-ის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელს იყენებდა ქართულ არჩევნებში ჩარევისთვის. სწორედ ამ ქსელის მეშვეობით ავრცელებდა ევროკავშირის ელჩი საარჩევნო აგიტაციას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს უდიდესი სირცხვილია, რომ მშვიდობის პროექტად შექმნილი ევროკავშირი დღეს საქართველოში არეულობის, დაპირისპირებისა და ძალადობის წამქეზებლად იქცა. ეს უდიდესი სირცხვილი და შავი ლაქაა პირადად პაველ ჰერჩინსკისთვის. ეს მის ბიოგრაფიაში შავ ლაქად დარჩება. იმ ქვეყანაში, სადაც ელჩად იყო მივლენილი, ის არჩევნებში ჩარევით ხელისუფლების შეცვლას შეეცადა.
ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ყველა ძალადობა, რომელიც 2022 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა, ვინაიდან არჩევნებში დამარცხებულმა ამ უცხოურმა ძალებმა ძალადობრივ გზას მიმართეს. ყველა ის ძალადობა, რაც ამის შემდეგ მოხდა, სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ. სწორედ ამიტომ მართავდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილთან და ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო. სწორედ ამან მიგვიყვანა ხელისუფლების დამხობის კამპანიამდე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა და რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკომისიამ. ამან მიგვიყვანა პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმამდე – ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ხოლო ევროკავშირის ელჩი დღემდე უარს ამბობს ამ ძალადობის დაგმობაზე.
ეს ყველაფერი ერთი დიდი ქსელია. ჩვენ ამ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. თავს ვეღარ მოვიტყუებთ, თითქოს ვიღაც ჩვენ მიმართ კეთილი განზრახვებით მოქმედებს. ეს იყო 2024 წელი. ეს ევროკავშირის ისტორიაში სამარცხვინო ლაქაა, როდესაც ევროკავშირი, საკუთარი ელჩისა და სხვა საინფორმაციო ქსელის გამოყენებით, საქართველოს არევას და ხელისუფლების შეცვლას შეეცადა, ეს ქსელი კი, სპეცსამსახურების მიერ იყო შექმნილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
