„ნიშნის მოგებით საუბარი არ მინდა, მაგრამ კარგად გაიხსენეთ, მე და ჩემს პარტიას ოპოზიციის დიდი ნაწილი როგორ გვლანძღავდა, თურმე, სამუშაო ჯგუფებში ყავის დასალევად დავდიოდით და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კაბინეტში ყოფნა გვიხაროდა. სინამდვილეში, ორი კაცი, მე და ლევან იოსელიანი ექვს სამუშაო ჯგუფში ვიყავით. რატომ? რეკომენდაციებს ვასრულებდით”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას რეფორმების შესრულება სჭირდება და, ამიტომ, ევროკავშირის დავალებები შესრულდება.
“დღეს ღია და დახურულ შეხვედრაზე მხრებში გამართული ვზივარ, ჩემი კოლეგები სადღაც იმალებიან ხოლმე. პირნათლად შევასრულებთ იმას, რაც ევროკავშირმა დაგვავალა. თბილისიდან ბაქომდე ირბინეთო რომ დაევალებინათ, წავიდოდი და ვირბენდი, მაგრამ დაჯდომა, მუშაობა დაგვავალა. რეფორმების შესრულება ჩვენ გვჭირდება. დამოუკიდებელი სასამართლო შარლ მიშელს არ სჭირდება, ბრიუსელში მშვენიერი სასამართლოა, ეს ჩვენ გვჭირდება. მურუსიძე თავზე საფრანგეთს კი არ აზის, ჩვენ გვაზის და სამართალს გვპარავს. რაიმე რეფორმის ჩატარება თუ დაგვავალეს, ისევ ჩვენთვის არის უკეთესი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.