ვფიქრობ, ჩინეთის ელჩსა და ხელისუფლებას კარგად ესმით ის ნიუანსები, რაც ხდება დღეს იმპიჩმენტგადარჩენილ ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ჩინეთი რჩება გლობალურ მოთამაშედ. ეს ფაქტია და ამას ვერავინ შეცვლის. ეს არის მედლის ერთი მხარე. მეორე არის საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები და ჩინეთის ურთიერთობები ზოგადად მთელ რეგიონთან, ამ ტრანზიტულ მარშრუტთან. როცა საუბრობენ პოლიტიკოსები, მეტწილად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, განსაკუთრებით ანაკლიის პორტთან მიმართებაში, ეს ყველაფერი ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ გვახსოვს როგორი ხმაური ატყდა მას შემდეგ, რაც საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ესეც გაუგებარი იყო ჩემთვის მაშინ, როცა ანალოგიური შეთანხმებები გაფორმებული აქვს ჩინეთს ჩვენს ძირითადად სტრატეგიულ პარტნიორებთან, ვგულისხმობ აშშ-ს და ევროკავშირს მთლიანობაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს“, – აღნიშნა სალუქვაძემ.
მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ჩინეთისთა და მისი ლიდერისთვის.
„ამ სკანდალური განცხადების გამოსწორება მოუწევს მთავრობას. შედგა ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის ელჩს შორის და ვფიქრობ, რომ ჩინეთის ელჩსა და ხელისუფლებას კარგად ესმით ის ნიუანსები, რაც ხდება დღეს იმპიჩმენტგადარჩენილ ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. სალომე ზურაბიშვილის ქმედებები 180%-ით ეწინააღმდეგება მთავრობის პოლიტიკას“, – განაცხადა სალუქვაძემ.