კონგრესში უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა საფრთხის წინაშეა, რადგან „რესპუბლიკელები“ არ დაუშვებენ უკრაინისათვის დახმარების გამოყოფას ამერიკის საზღვრებზე უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმების გარეშე, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნა უკრაინისათვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე ახლა დამოკიდებულია კომპლექსურ და დელიკატურ საკითხზე, რომელიც აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებას ეხება.
წყაროების ინფორმაციით, მხარეებს შორის დავა აშშ-ში თავშესაფრის სტანდარტების ამაღლებას უკავშირდება. „რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ ეს აუცილებელი პირობაა უკრაინისთვის დახმარების გაწევისთვის, ხოლო „დემოკრატები“ ამ დრომდე უარს აცხადებენ ამაზე.
“რესპუბლიკელებმა” გამოცემას განუცხადეს, რომ ბევრი “დემოკრატი” კვლავ ეწინააღმდეგება მათ ძალისხმევას თავშესაფრის სტანდარტების რეფორმირების საკითხზე, რაც კიევისთვის დახმარების განბლოკვის ერთადერთი გზაა.
“რესპუბლიკელებმა” ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ “დემოკრატები” შეეცდებიან, უკრაინას დახმარება გაუწიონ საზღვარზე შეთანხმების გარეშე, ისინი ჩააგდებენ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხს.