ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მან იმ კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც ამ ორგანიზაციის საქმიანობის გარშემო მიმდინარეობდა.
„ისიც კარგად გვახსოვს, როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები, როგორი ისტერია ჰქონდა და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად „რუსული კანონის“ საკითხის გარშემო. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ თურმე, როგორ შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ ეჭვქვეშ დაეყენებინა USAID-ის დაფინანსება. მოვიდა ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია და ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
როგორც ცნობილია, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს – 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.
