21 ნოემბერს უმძიმესი ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, სადავ ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ხოლო დანარჩენი დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მძღოლს სველ ასფალტზე მანქანა მოუსრიალდა და საპირისპირო მიმართულებით გადავიდა, რა დროსაც საპირისპირო ზოლში მიმავალ მანქანას დაეჯახა, შემდეგ მათ კიდევ ერთი მანქანა დაეჯახა.
ავტოავარიის ადგილზე გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ზუგდიდელი რამაზ კონჯარიაა. მეორე დღეს გავრცელდა კიდევ ერთი ახალგაზრდის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი. ის თერჯოლას მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის მკვიდრი, 24 წლის თორნიკე (თოკო) გვადიბაძეა.
ახლობლების თქმით, თოკო კლინიკაში შეყვანისას გონზე იყო.
“როგორც გვითხრეს, კლინიკაში შეყვანისას კონტაქტური იყო, მერე დამძიმდა… ძალიან განვიცდი, ჩვენი თოკო აღარ არის, უკარგესი ადამიანი იყო, ნათესავები ვართ და ეს თავზარდამცემი ამბავი რომ გავიგე, მას შემდეგ განადგურებული ვარ. საუბარიც მიჭირს, მხოლოდ გეტყვით, რომ უკეთილშობილესი ადამიანი იყო სიკეთით და სიყვარულით სავსე, უანგაროდ სიკეთის გამცემი ყველას მიმართ. დაოჯახებული იყო – მეუღლე და შვილი დარჩა“,- გვითხრა მისმა ახლობელმა.
გარდაცვლილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი იყო.
შემთხვევის ადგილზე დაღუპულ ზუგდიდელ რამაზ კონჯარიაზე ახლობლები სოციალურ ქსელში ბევრს წერენ.
“რამაზი საოცარი სულის ადამიანი იყო. ძალიან რომანტიკული, მასთან არ მოიწყენდა ადამიანი, იყო უზომოდ თბილი და მოსიყვარულე. არ ვიცი როგორ უნდა გავუძლოთ ამ ტკივილს. ეს არ უნდა მომხდარიყო“, – გვითხრა მისმა ახლობელმა.
ირაკლი კუკავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ხამისკურში:
– ავარია უკვე მომხდარი იყო შემთხვევის ადგილზე რომ მივედი, სამი მანქანა იყო ერთმანეთს შეჯახებული. სამწუხაროდ, მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა, ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა… დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკებში გადაიყვანა. მეორე ახალგაზრდის გარდაცვალების ამბავი მედიით შევიტყვე. ისეთ ადგილას მოხდა ავარია, სადაც ხილვადობა კარგია და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, მართლა არ ვიცი. სამი სასწრაფოს ბრიგადა მოვიდა შემთხვევის ადგილზე, ზუგდიდიდანაც იყო სასწრაფო მოსული და როგორც ვიცი, ზუგდიდში გადაიყვანეს დაშავებულების ნაწილი. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ მაქვს. ჩემთვის უცნობები იყვნენ ყველანი. ეტყობა ნაწვიმარი რომ იყო ამიტომ დატრიალდა ეს ტრაგედია. არ ვიცი, დაშავებულები ვინ არიან. ავარიაში ჩვენი სოფლიდან არავინ მოყოლილა. შემთხვევის ადგილზე მალევე მოვიდნენ სამაშველო, საპატრულო და სასწრაფოს ბრიგადები, როგორც ხობიდან, ასევე ზუგდიდიდანაც იყვნენ, ყველა მობილიზებული იყო, სამწუხაროა, რომ მსხვერპლი მოჰყვა მომხდარს. თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს.
www.ambebi.ge