ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, უთხრა, რომ „ცხვირი არ ჩამოუშვას“ და საქმიანობა გააგრძელოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
რუტემ აგრეთვე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ „უზარმაზარი აღფრთოვანება“ გამოხატა და აღნიშნა, რომ მას ყოველკვირეულად ესაუბრება. ამასთან, რუტეს თქმით, მნიშვნელოვანია, ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის კარგი ურთიერთობა არსებობდეს.
კითხვაზე, რას ფიქრობდა ტრამპის ბოლო შეთანხმებაზე პუტინთან, რომლის მიხედვითაც რუსეთი აშშ-ს დიზელის საწვავით მოამარაგებს, რუტემ აღიარა, რომ შეთანხმების გამოცხადებას ევროპელ მოკავშირეებში „პანიკა“ მოჰყვა.
„მესმის მათი, მეც გაკვირვებული დავრჩი“, – განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ ევროპამ წელს რუსეთიდან დიდი რაოდენობით თხევადი ბუნებრივი აირიც შეიძინა — „გაცილებით მეტი, ვიდრე ამ დიზელის შეთანხმებით ოდესმე მიიღებს! არც ევროპაა წმინდანი“.
რუტემ ნატო დაახასიათა, როგორც „პლატფორმა, რომელიც ამერიკელებს საკუთარი ძალის დემონსტრირების საშუალებას აძლევს. ეს კი ჩვენს ინტერესებშია, რადგან ჩვენ, ევროპელებს, ჯერჯერობით ამის დამოუკიდებლად გაკეთება არ შეგვიძლია“.
როგორც Bloomberg-ი წერს, ტრამპი ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მოკავშირეებს, განსაკუთრებით კი ნატოს წევრებს, თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებდა. მეორე ვადაში ნატოს მიმართ მისი ხანგრძლივი კრიტიკული დამოკიდებულება კიდევ უფრო აშკარა გახდა. ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუტემ კი ალიანსსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების შენარჩუნებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოახმარა. თუმცა კრიტიკოსები მას ზედმეტ მორჩილებაში ადანაშაულებდნენ და იხსენებდნენ, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტს „მამიკოც“ კი უწოდა.
ირანთან აშშ-ის კონფლიქტზე საუბრისას რუტემ ტრამპს ისლამური რესპუბლიკის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთის მიმართულებით გამოვლენილი სიმტკიცისთვის შეაქო. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ინტერესებში იყო ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა, რომელიც რეალურად არსებობდა, ისევე როგორც ბალისტიკური რაკეტების საფრთხე, რადგან თეირანის არსებულ რაკეტებს კოპენჰაგენსა და ლონდონამდე მიღწევა შეეძლოთ.
„პრობლემა ის არის, რომ ევროპა ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა“, – აღნიშნა რუტემ.
ირანთან ომითა და მის შედეგად საწვავის ფასების მკვეთრი ზრდით გამოწვეული ამერიკელი ამომრჩევლების უკმაყოფილება შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
რუტეს თქმით, არჩევნების შემდეგ მან ტრამპს მოკლე შეტყობინება გაუგზავნა: „ცხვირს ნუ ჩამოუშვებ და გავაგრძელოთ მუშაობა“.
