ისრაელი დღეს კიდევ 13 მძევლის გათავისუფლებას ელოდება, რის სანაცვლოდაც ისრაელის ციხეებს პალესტინელი პატიმრების გარკვეული რაოდენობა დატოვებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ცნობით, მათ უკვე მიიღეს იმ მძევლების სია, რომლებსაც „ჰამასი“ დღეს გაათავისუფლებს.
უკვე მეორე დღეა, სატვირთო ავტომობილებს ეგვიპტიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შეაქვთ.
გუშინ „ჰამასმა“ 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და 1 ფილიპინელი მძევალი გაათავისუფლა. პარალელურად, ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხდღიანი შეთანხმება 24 ნოემბერს დილით ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებში მყოფ პალესტინელთა ნაწილის გათავისუფლებასაც. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საწვავის შეტანა.