შეიძლება, მომცეთ საშუალება? ერთი კითხვა მაქვს – შეიძლება ამდენი წლის, 2012 წლის შემდეგ დაივიწყოთ სააკაშვილი?!, – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ჟურნალისტს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის შემდეგ.
„ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, 2007 წლის აქციები, თითქოსდა რუსეთის მიერ იყო მართული, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2007 წლის აქციები იყო სახალხო ბრძოლა.
„სააკაშვილზე სასაუბროდ არ ვარ მოსული. შეიძლება, გაჩუმდეთ და მალაპარაკოთ?! კითხვები უფრო გრძელია, ვიდრე პასუხი.
მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა სათქმელი მე არ მაქვს.
მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვუპასუხებ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალების სიები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილს მედიის წარმომადგენლებმა ასევე ჰკითხეს, აპირებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, თუმცა პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა.