საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს აგნეს ფირმინ ლე ბოდოს ფარმაცევტად მუშაობის დროს არადეკლარირებული ძვირადღირებული საჩუქრების მიღებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
არსებული ინფორმაციით, ლე ბოდომ 2015-2020 წლებში კომპანია Urgo-სგან 20 000 ევროს ღირებულების საჩუქრები მიიღო, როდესაც ნორმანდიაში ფარმაცევტად მუშაობდა. ძვირადღირებულ საჩუქრებს შორის იყო საათები, შამპანური, სმარტფონები.
გამოძიება 2023 წლის ივნისში დაიწყო, საქმის განხილვა კი, სავარაუდოდ, 2024 წლის იანვარში დაიწყება. ლე ბოდოს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი აპირებს, მხოლოდ კომპეტენტური უწყებების კითხვებს უპასუხოს.
გამოძიების მტკიცებით, კომპანია Urgo-მ 2015-2021 წლებში ფარმაცევტებს 55 მილიონი ევროს ღირებულების საჩუქრები გაუგზავნა. 2023 წლის იანვარში კომპანია სასამართლომ შესაბამისი კანონმდებლობის დამრღვევად ცნო.
ლე ბოდო ჯანდაცვის მინისტრად მიმდინარე კვირაში დაინიშნა, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი ორელიენ რუსო საიმიგრაციო კანონმდებლობის გამო თანამდებობიდან გადადგა.