საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად იმსჯელეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე – ,,ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
დოკუმენტის შემუშავების პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით კოორდინაციას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცებას; სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფას; თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცებასა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას. აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას.