საჯაროდ გაჟღერებული პროუკრაინული პოზიციის მიუხედავად, ტაივანი რუსეთისთვის მაღალი სიზუსტის ლითონსაჭრელი ჩარხების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელი გახდა. აღნიშნულს ცხადყოფს გამოცემა The Insider-ისა და ტაივანური გამოცემა The Reporter-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოძიება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, გერმანელმა, შვეიცარიელმა და იაპონელმა მწარმოებლებმა რუსული ბაზარი დატოვეს, ხოლო ჩინური პროდუქცია დაბალი ხარისხის აღმოჩნდა.
თუმცა, ტაივანში წარმოებულმა ჩარხზე დამუშავების ცენტრებმა, ასევე სახარატო და ელექტროეროზიულმა ჩარხებმა შეავსეს ეს ხარვეზი და დააკმაყოფილეს რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებები.
ტაივანში წარმოებული ტექნოლოგია შეუცვლელი აღმოჩნდა მადეტონირებელი ზონარის, მაღალი სიზუსტის იარაღისა და სხვა რუსული სამხედრო ტექნიკის წარმოებაში.
ტაივანის მთავრობის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ვერ გამოასწორა შექმნილი სიტუაცია, რადგან ლითონსაჭრელი ჩარხები რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის თურქეთის გავლით იგზავნება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, კრიტიკული მნიშვნელობის აღჭურვილობა საერთოდ არ ექვემდებარება შეზღუდვებს.
უკრაინაში შეჭრის დაწყებისთანავე, ტაივანმა სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ თავდაპირველად სანქციები ეხებოდა მხოლოდ ნახევარგამტარების, სატელეკომუნიკაციო და კოსმოსური ინდუსტრიის პროდუქტებს. ლითონსაჭრელი ჩარხების შეძენა შესაძლებელი იყო, როგორც ადრე. შედეგად, რუსეთი, რომლისთვისაც დახურული იყო სხვა ბაზრები, გადაერთო ტაივანზე, რათა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა მაღალტექნოლოგიურ ჩარხებზე.
“2023 წლის იანვარში ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ საბოლოოდ შეიტანა მაღალტექნოლოგიური ლითონსაჭრელი ჩარხები სანქცირებული პროდუქტების სიაში. ლითონის კომპლექსური დამუშავების დანადგარებისა და სახარატო ჩარხების ექსპორტი პირდაპირ რუსეთში პრაქტიკულად ნულამდე შემცირდა. მხოლოდ ელექტროეროზიული ჩარხების ლეგალური ექსპორტია კვლავ შესაძლებელი. თუმცა, ეს ამბავი ამით არ მთავრდება”, – წერს The Insider-ი.
ახლა ტაივანში წარმოებული აღნიშნული დანადგარების თითქმის 80% რუსეთში ტრანსპორტირდება მესამე ქვეყნების გავლით, რომელთა შორის ლიდერობენ თურქეთი და ჩინეთი. რუსული საბაჟო მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტიდან სექტემბრამდე რუსეთმა ტაივანში წარმოებული ჩარხზე დამუშავების, სულ მცირე, 193 ცენტრის იმპორტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულება თითქმის 29 მილიონი დოლარია.
მხოლოდ თურქეთის გავლით ტრანზიტის მონაცემები სიტუაციას კიდევ უფრო საგანგაშოდ წარმოაჩენს: 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის მიერ თურქეთიდან იმპორტირებული ჩარხების თითქმის ნახევარი ტაივანში იყო წარმოებული.
ტაივანის საბაჟო სტატისტიკა ასევე ასახავს იმ ფაქტს, რომ თურქეთი მოქმედებს როგორც სატრანზიტო პუნქტი ტაივანში წარმოებული ჩარხებისთვის. 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, ტაივანიდან თურქეთში ექსპორტირებული ჩარხზე დამუშავების ცენტრების ჯამური ღირებულება 45%-ით გაიზარდა წლიური მაჩვენებლის ჭრილში.
როგორც გამოცემა The Insider-ი აღნიშნავს, მაღალი სიზუსტის ტექნოლოგიებისთვის საჭირო ჩარხების უმეტესობა იწარმოება ევროკავშირში, შვეიცარიაში, იაპონიასა და აშშ-ში. თუმცა, ტაივანშიც არის კარგი ანალოგები.
ტაივანში წარმოებული ჩარხები ხშირად აღემატება ჩინურ ანალოგებს სიზუსტით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია იარაღის წარმოებისთვის და თუ რუსეთში სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეჩერდება, ჩარხების მუშაობა სწრაფად შეწყდება.