თელავის სალოტბარო სკოლას ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე დაეთმო.
ახალი სამუშაო გარემო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილთან, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესა და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად მოინახულა.
მინისტრმა თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სალოტბარო სკოლისთვის სამუშაო ადგილის გამოყოფისთვის.
თეა წულუკიანი პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა, მოისმინა ახალგაზრდების მიერ შესრულებული მრავალხმიანობის საუკეთესო ნიმუშები, მიულოცა მათ ახალსახლობა და ამ ახალ გარემოში წარმატებული და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა. შეხვედრის დასასრულს თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ლოტბარებს, გოჩა და ბექა ბიძინაშვილებს, თელავის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლებს, ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის გაწეული შრომისთვის.
2023 წელს თეა წულუკიანმა კახეთში მოქმედი სალოტბარო სკოლები მოინახულა. მათ შორის ეწვია თელავის სალოტბარო სკოლას, მოისმინა ინფორმაცია სკოლის საჭიროებების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას სალოტბარო სკოლების განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკოლის დროებითი სივრცის საკითხზე და ამ მხრივ მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სალოტბარო სკოლა თელავში 2017 წელს გაიხსნა. ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას ბავშვებს კახური სიმღერის ცნობილი ლოტბარები, ძმები: გოჩა და ბექა ბიძინაშვილები ასწავლიან.
ამჟამად სკოლაში 10 მოსწავლე ირიცხება.