მარინა ხატიაშვილის ოჯახმა თბილისში, კეკელიძის #1-ში მდებარე ბინის კერძო იპოთეკარისგან გამოსყიდვა შეძლო. იპოთეკარსა და მსესხებელს შორის ერთი თვის წინ დადებული შეთანხმების პირობები მხარეებმა 23 თებერვალს შეასრულეს.
კერძო იპოთეკარ დარეჯან დვალსა და მარინა ხატიაშვილს შორის შეთანხმება გამოსახლებიდან მეორე დღეს, 24 იანვარს შედგა. დოკუმენტში ეწერა, რომ “თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა დარეჯან დვალი მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას დაუბრუნებდა”.
მარინა ხატიაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა 70 000 აშშ დოლარი, ერთ თვეს კი დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის შესაგროვებლად გამოიყენებდა. ამ მიზნით, 17 თებერვალს საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, სადაც ხელოვანებმა და გალერისტებმა ნამუშევრები გასაყიდად გამოიტანეს.
“ეს იყო ძალიან დიდი თანადგომისა და სოლიდარობის შედეგი, ჯერ იმ ხალხის მხრიდან, ვინც იქ, გამოსახლების დღეს იომა და თავი გადადო, შემდეგ კი ჩემი მეგობრების მხრიდან, რომლებმაც აუქციონი მოაწყეს და ნამუშევრები გაყიდეს. აუქციონიდან შემოსული თანხით გავისტუმრეთ მევახშე. მინდა ჩემი საქმე იყოს პრეცედენტი, რომ სანამ ამხელა კონფლიქტი და მძიმე სურათი შეიქმნება, მევახშეებმა იქამდე აიღონ ის თანხები რასაც სთავაზობენ, ან მსესხებელს თანხის შეგროვება აცალონ”, – უთხრა მარინა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ უძრავი ქონება მის ოჯახს იურიდიულადაც გადაუფორმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რეესტრშია ასახული.