რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აკისრებს. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მორიგი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
„აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის, გიგლა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსეთს კავშირი არ აქვს. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
დღესვე, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს უკავშირდებოდა, ზახაროვამ უპასუხა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხალხს მხოლოდ დადებითი ენერგია და სიყვარული უშველის უთანხმოების დაძლევასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში.
„საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში არსებობდა სხვადასხვა ეტაპები როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. იყო მჭიდრო კონტაქტების წლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, გადაუწყვეტელი პრობლემების გამო საქართველო და რუსეთი განიცდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონას. ამის მიუხედავად, ადამიანებს შორის კონტაქტები არასოდეს შეწყვეტილა“, – განაცხადა ზახაროვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოსწორდება.