„იძახი – ბაზარი არააო. აგერ მოვიდა 25 და ფული არაა. ახლა მოგინდა ქურდების მოტყუება, კაი ბიჭების მოტყუება… შენი ბინა რატომ არ დაალომბარდე? ხომ გაგაფრთხილე, ბოლო დღისთვის არ დაიტოვო-თქო?! სანამ თავს დაიბრედავ, სხვა დაგბრედავს, ბიჭოო. მე ფული მინდა, ბრატ. მე ფული უნდა ვანახო კახას, გაიგე? შენ მე რა გამიკეთე, აზრზე ხარ?! შენი გულისთვის ქურდები მე რატომ უნდა მეუბნებოდნენ… ქურდები მე მთხოვენ-მეთქი. თუ 5-ში ფული არ გეჭირება იმ……… მთელმა რუსთავმა, ვინც შენ არ გესროლოს“.
ეს არის ამონარიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოპერატიული მასალიდან, რითაც ირკვევა, რომ კონკრეტული პირი ვინმე „კახას“ დავალებით კერძო ბიზნესმენს ფულს სძალავს, საუბარია 23600 აშშ დოლარზე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც რუსთავსა და თბილისში მცხოვრები სამი პირი დააპატიმრა. მათ ბრალი გამოძალვის მუხლით წაუყენეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23600 აშშ დოლარის გადახადა მოსთხოვეს.
ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, გამოძიება არც ამჯერად აკონკრეტებს ევროპაში მყოფი „კანონიერი ქურდის“ ვინაობას, თუმცა ჩვენთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ის საფრანგეთში, კერძოდ, მარსელის ციხეში მყოფი კახა შუშანაშვილია. გავარკვიეთ ისიც, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებული სამივე პირი წარსულში ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო გასამართლებული.
კახა შუშანაშვილის ადვოკატი ნონა ფრიდონაშვილი ამ საქმესთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს კატეგორიულად უარყოფს. აი, რას ამბობს ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას:
„პირველ რიგში, კახაბერ შუშანაშვილის მოხსენიება, როგორც „კანონიერი ქურდის“, არღვევს მისი თავისუფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან მას მხოლოდ ბრალი ედება „კანონიერი ქურდობის“ ჩადენაში და აღნიშნული ბრალდებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე ექვსი წელიწადია მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში და კახაბერ შუშანაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა. აღნიშნულის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნამდვილად აქვს ინფორმაცია, რადგან სწორედ ამ უწყებისგან მე, როგორც კახაბერ შუშანაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატს, არერთხელ მიმიღია წერილობითი ინფორმაცია, რომ კახაბერ შუშანაშვილის მიმართ, გარდა ზემოთ მითითებული ბრალდებისა, სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ მიმდინარეობს და დღეისთვის იგი ნასამართლობის არმქონე პირია. კახაბერ შუშანაშვილი ნამდვილად მარსელის ბომეტის ციხეში იმყოფება, სადაც თითქმის ყოველდღე ირღვევა მისი უფლებები. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას მაწვდიან როგორც მისი ფრანგი ადვოკატები, ასევე საფრანგეთში საქართველოს საკონსულო. ოთხი წელიწადი ესპანეთში და სამი წელიწადი (მთლიანობაში 7 წელიწადი) ბომეტის ციხეში კახაბერ შუშანაშვილი სრულიად უკანონოდ სამარტოვე საკანში იმყოფება და მიუხედავად მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა, არ უტარდება სათანადო მკურნალობა (ქირურგიული ოპერაცია დღემდე არ ჩაუტარდა, მიუხედავად არაერთი ექიმისა და ექსპერტის დასკვნისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება). სამარტოვე საკანში, სრულ იზოლაციაში მყოფი კახაბერ შუშანაშვილი ვერანაირად ვერ შეძლებს საქართველოში, ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირებას. ის, რომ მედიით გავრცელებულ ჩანაწერებში, ბრალდებულები ახსენებენ ვინმე კახას, არ ნიშნავს, რომ კახაბერ შუშანაშვილზეა საუბარი და თუ სრულ ჩანაწერში, რომელიმე ბრალდებული, თუნდაც გვარით და სახელით მოიხსენიებს მას, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ბრალდებული, არ ვიცი პროვოკაციის, თუ სხვა მიზნით, ასახელებდეს კახაბერ შუშანაშვილს, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გამორიცხულია, რომელიმე მათგანს რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონოდა სამარტოვე საკანში, ფაქტობრივად, კარცერში მყოფ კახაბერ შუშანაშვილთან. თუ აქვთ შესაძლო მტკიცებულებები, რომ ბრალდებულები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, როგორც მათ მოიხსენიებენ, ბიზნესმენს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მითითებითა და დავალებით სძალავდენ თანხას ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანად, გამოძიება მხოლოდ გამოძალვის მუხლით რატომ მიმდინარეობს და რატომ არ წაუყენეს ბრალდებულებს სსკ-ის 2231 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა?! პასუხი მარტივია, მტკიცებულებები არ აქვს გამოძიებას, თუმცა არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას კახა შუშანაშვილის ადვოკატი ნონა ფრიდონაშვილი.
ბოლო პერიოდში ეს არ ყოფილა ძმები შუშანაშვილების გარემოცვის წინააღმდეგ ჩატარებული ერთადერთი სპეცოპერაცია. გასული წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით რუსთავში სამი პირი დააკავა. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა შორის გახლავთ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“, კახა და ლაშა შუშანაშვილების ძმისშვილი. მასთან ერთად დაკავებულია „კანონიერი ქურდის“ ნათლული და, ასევე, მისი მეგობარი. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა ქურდული სამყაროს სახელით ერთ-ერთ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოქმედებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა შორის შუშანაშვილების ძმისშვილი – ლაშა შუშანაშვილიცაა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვისზე მიანიშნებს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ შუშანაშვილების სახელი ქურდულ სამყაროში ყველასთვის ცნობილია. ესპანური პრესა კახა შუშანაშვილს ქართულ-რუსული მაფიის გენერლადაც მოიხსენიებს. მისი ძმა, ლაშა შუშანაშვილი ქურდულ სამყაროში, ასევე, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. შედარებით ნაკლებად ცნობილია მესამე ძმა – კობა შუშანაშვილი.
ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ კახა შუშანაშვილს ფულის გათეთრების, თაღლითობის, საბანკო ბარათების გაყალბებისა და მკვლელობის მცდელობისთვის 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ეს განაჩენი საბოლოო არ გახლავთ, რადგან, როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოში განიხილება, თუმცა პროცესებს ბრალდებული ვერ დაესწრება, ვინაიდან ამჟამად კახა შუშანაშვილი საფრანგეთში, კერძოდ, მარსელის ციხის სამარტოო საკანში იმყოფება. საფრანგეთი მას „კანონიერი ქურდის“ ვლადიმერ ჯანაშიას განზრახ მკვლელობას ედავება.
ზუგდიდელი ლადო ჯანაშია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის მოკავშირე იყო. ის საფრანგეთში 2010 წელს ჩაცხრილეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა რუსეთში „კანონიერ ქურდთა“ ორ დაჯგუფებას შორის მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების ნაწილია, რომელიც ცნობილი რუსი ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანოვის, იგივე „იაპონჩიკის“ მკვლელობით დაიწყო. ამ მკვლელობაში „ქურდების“ ნაწილი სწორედ ონიანს ადანაშაულებს და ერთი ვერსიით, ჯანაშიას მკვლელობაც მათი მხრიდან შურისძიება გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ქართველი „ქურდები“ ორივე დაპირისპირებულ ბანაკში არიან. ჯანაშიას ოჯახში აცხადებდნენ, რომ მკვლელობა „კრიმინალური ავტორიტეტის“ კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა. ესპანელი პროკურორის ინფორმაციით, შუშანაშვილმა ლადო ჯანაშიას მკვლელობა მანამდეც სცადა, ბელგიიდან ჩასული კილერის მეშვეობით.
დავუბრუნდეთ კვლავ გასულ კვირას ჩატარებულ სპეცოპერაციას და ადვოკატის კითხვას – თუკი დაკავებულები „კანონიერი ქურდის“ მითითებით მოქმედებდნენ, რატომ არ წაუყენეს მათ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობისთვის? შსს-ში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება გრძელდება და, შესაბამისად, ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავენ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლოა, სამართალდამცავების გადაწყვეტილება იმ საკანონმდებლო ხარვეზებსაც უკავშირდებოდეს, რომლის აღმოფხვრასაც მღებრიშვილის უწყება სწორედ ახლა ცდილობს.
ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცავების მიერ ქურდული სამყაროსა და „კანონიერი ქუდრობის“ ბრალდებით დაკავებული არაერთი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმე ის გახლავთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ქურდული სტატუსის გამო სასჯელს არ ითვალისწინებს და შესაბამისად, თუ პირს ქმედებაში გამოხატული დანაშაული არ დაუმტკიცდა, ის ავტომატურად უდანაშაულოდ ცხადდება. ამ ტენდენციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებებით უპასუხა. მღებრიშვილის უწყებამ პარლამენტში უკვე წარადგინა პროექტი, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოების საშუალებას იძლევა. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი.
ირკვევა, რომ ცვლილებების პროექტს საფუძვლად დაედო საერთაშორისო გამოცდილება, კერძოდ, ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემაში გავრცელებული ინსტიტუტი – დანაშაულებრივი შეთანხმების კონცეფცია.
პროექტის მიხედვით, პირთა შეკავშირება, შეთანხმება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პირთა ერთობა მიჩნეულ იქნას „ქურდულ სამყაროდ“. ანუ დასჯადი ხდება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მიზნების მისაღწევად ჩადენილი ნებისმიერი ქმედება. მოქმედი რედაქციით ქურდული სამყაროს საქმიანობის მიზანი არის მხოლოდ სარგებლის მიღება, თუმცა რამდენადაც „ქურდულ სამყაროს“ ფინანსური მოტივები ხშირად შენიღბული აქვს, პროექტით განივრცო და ქურდული სამყაროს საქმიანობის მიზნების ჩამონათვალს დაემატა: ძალაუფლების, გავლენის ან/და სოციალური აღიარების მიღება. საკანონმდებლო ცვლილებებით, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მაშინვე, როდესაც პირი გაწევრიანდება „ქურდულ სამყაროში“. მნიშვნელობა არა აქვს, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო თუ არა ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებაში.
მნიშვნელოვნად იცვლება თავად „კანონიერი ქურდის“ განმარტებაც. გამომდინარე იქიდან, რომ „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად, „კანონიერი ქურდობა“ დაკავშირებულია პირის ავტორიტეტად აღიარებასთან, პროექტი ძირითად აქცენტს სწორედ ამ ავტორიტეტის მოპოვებაზე აკეთებს. „კანონიერი ქურდობისთვის“ სანქცია იზრდება, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ვადა განისაზღვრება ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
მღებრიშვილის უწყების მიერ მომზადებული პროექტით, ახალ დანაშაულად ცხადდება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა. მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს, როგორც კანონიერი, ასევე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში. ახალ დანაშაულებად ცხადდება, ასევე, „ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობის მიღება, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა.
განსაკუთრებით საინტერესოა სისხლის სამართლის კოდექსში იმ შენიშვნის დამატება, რომლის თანახმადაც პირი გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამგვარი ნორმა ხელს უწყობს მოთანამშრომლე მოწმეების არსებობას.
www.primetime.ge