უკრაინის ხელისუფლებას სამართლიანი მშვიდობის დამყარების მიზნით მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება სურს, მაგრამ უკვე რუსეთის მონაწილეობით. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კიევს მეორე ფორუმის ჩატარება მიმდინარე წლის ნოემბრამდე, ანუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურს. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის გამარჯვების შიშით არის ნაკარნახევი.
მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პირველი ასეთი ღონისძიება ივნისში შვეიცარიაში 90 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა. Bloomberg-ის ცნობით, მაშინ რუსეთი ფორუმში არ მონაწილეობდა. ზოგმა ქვეყანამ დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა, ხოლო კიევის მცდელობა გლობალური სამხრეთის ქვეყნები გადაებირებინა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ზოგმა ქვეყანამ კომუნიკეს ხელი არ მოაწერა.