მოსამართლე ეილინ ქენონმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების საქმე შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის დანიშვნა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.
„არსებობს თუ არა დებულება შეერთებული შტატების კოდექსში, რომელიც სპეციალური პროკურორი სმიტის დანიშვნის უფლებას იძლევა ამ [სამართლებრივი] დევნის განსახორციელებლად? ამ მნიშვნელოვანი საკითხის ფრთხილად შესწავლის შემდეგ, პასუხი არის უარყოფითი“, – წერს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში.
გასული წლის 13 ივნისს ტრამპს ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.
49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.
პროკურორები აცხადებდნენ, რომ ტრამპი არალეგალურად ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში.