უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლები მეორე სამშვიდობო სამიტზე უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მეორე სამშვიდობო სამიტის გეგმა ნოემბრისთვის მზად უნდა იყოს.
„ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში გაიმართება პირველი შეხვედრა უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე ჩვენი სამშვიდობო სამიტის დასკვნების შესახებ. პირველი შეხვედრა დიდი ალბათობით კატარში გაიმართება. ეს ეხება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ამ შეხვედრაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების გეგმა სრულად მომზადდება.
„აგვისტოში თურქეთში თავისუფალი ნაოსნობის შესახებ შეხვედრა გაიმართება. განიხილება სასურსათო უსაფრთხოების საკითხი. სექტემბერში კანადაში გაიმართება შეხვედრა ტყვეების გაცვლისა და ბავშვების დაბრუნების ჰუმანიტარულ საკითხზე. ამ სამი პუნქტის შემდეგ, თუ ეს იმუშავებს, მზად იქნება ყველა პუნქტის განხორციელების გეგმა და ნოემბერში გვექნება სრულად მომზადებული გეგმა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, რომ იგეგმება, რომ ეს გეგმა მზად იქნება მეორე სამშვიდობო სამიტისთვის.
„თუ ჩვენ განვახორციელებთ ამ სამ პუნქტს და თუ გეგმა სრულად იქნება მომზადებული ჩვენი მხრიდან და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მჯერა, რომ ყველაფერი გაკეთდება. მჯერა, რომ მზად ვიქნებით მეორე სამიტის ჩასატარებლად. და მე ვფიქრობ, რომ რუსეთის წარმომადგენლები მეორე სამიტზე უნდა იყვნენ წარმოდგენილნი“, – დასძინა მან.