საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანს – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 250 ათას ლარს გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუნდში მრავლად არიან ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, რაც ძალიან დამაიმედებელია.
ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ წარმატებები უსურვა.
„ჩვენთვის განმსაზღვრელი, მთავარი არის რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გამორჩეული იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.