შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნეს და მანქანის მართვის უფლება ორი წლით ჩამოართვეს. 31 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საჭესთან მის ქმედებას „მანქანის სახიფათოდ მართვის შემზარავი მაგალითი“ უწოდა.
ბლანჩარდსტაუნის საოლქო სასამართლოში 35 წლის მაკგრეგორმა „სახიფათოდ“ და „უყურადღებოდ“ მანქანის მართვის ფაქტი აღიარა.
ის ასევე 5000 ევროთი დააჯარიმეს და 5 თვით თავისუფლების პირობითი აღკვეთა მიუსაჯეს.
სასამართლოს განცხადებით, „ლუკანის გზაზე გადაადგილების დროს, მისტერ მაკგრეგორმა შუქნიშნის წითელ ფერზე გაიარა და კინაღამ სხვა მძღოლს დაეჯახა“.
კანონდარღვევა 2022 წლის 22 მარტს მოხდა, როდესაც მაკგრეგორი „ბენტლის“ კაბრიოლეტს მართავდა.
2021 წელს „ფორბსმა“ ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტულ ვარსკვლავად დაასახელა, რომელმაც 165 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.