ბატონ კუპრაძეს ეწერა, რომ არასდროს მოუთხოვიათ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნა, თუმცა არაფერი უწერია სანქციებზე. გამოდის, ამ საკითხზე შევთანხმდით, „ლელო“ ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლები იზიარებდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას, რომ საქართველოს მთავრობას მოხალისე მებრძოლების უკრაინაში გაგზავნისთვის ხელი შეეწყო.
„გუშინ ჩემი განცხადება ეხებოდა ორ საკითხს, ერთი იყო რუსეთისადმი სანქციების დაწესების მოთხოვნა და მეორე უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის საკითხი. როგორც ვნახე „ლელოს“ გამოხმაურება, ბატონ კუპრაძეს ეწერა, რომ არასდროს მოუთხოვიათ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნა, თუმცა არაფერი უწერია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ანუ გამოდის, რომ ამ საკითხზე შევთანხმდით – „ლელო“ ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. თავად თუ აქვთ მეხსიერებასთან პრობლემა, არ მგონია, მაგრამ ძალიან მარტივი ტყუილი იყო, რომელიც ძალიან მარტივად გამოაშკარავდა.
მეორე საკითხი, რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერას. ჩვენ ვნახეთ არქივიდან ჩანაწერი. ამ ქვეყანაში ვართ ყველანი და ის დღეები ყველას გვახსოვს. საბედნიეროდ, ციფრული არქივი უფრო მდგრადი და მყარი არის, შესაბამისად, ჩვენი უახლესი ისტორია ვერ წაიშლება ასე მარტივად. ყველამ იცის, რა მოხდა, რაც იყო ქრონოლოგია. ყველას გვახსოვს პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგები, რომელსაც ჰქონდა ორი მოთხოვნა – სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა. ეს ის აქციებია, სადაც ქალბატონმა ლომჯარიამ თქვა, რომ სირცხვილის წვა აქვს და ურჩევნია ბომბების წვა ჰქონდეს, რადგან სანქციებს არ ვაწესებდით, არ ვაგზავნიდით მოხალისეებს. გვახსოვს უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც პირდაპირ ქართულ ენაზე მიმართა ქართველ ხალხს – მიდით და თქვენს მთავრობას მოსთხოვეთ, მოხალისე მებრძოლებს გაფრენის ნება დართოსო. ეს იყო 28 თებერვალს, ზუსტად მეორე დღეს სხდომა იყო და ზუსტად „ლელოს“ წარმომადგენლები, და არამხოლოდ, ამ მოთხოვნას იზიარებდნენ და აყენებდნენ. ასე რომ, ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს.
რას უნდა მოველოდოთ „ლელოსგან“? ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია თაღლითური მიზნით. ყველას გაგახსენებთ, ანაკლიის პორტი მათ თავიანთი თაღლითობისთვის უნდოდათ, არ გამოუვიდათ, სახელმწიფომ არ მისცა გაგრძელების საშუალება, უნდოდათ საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მილიარდ-ნახევრის ამოღება. ეს იყო მთელი მიზანი ამ პარტიის შექმნისა, შეექმნათ პოლიტიკური შლეიფი თავიანთი სარჩელისა, რომელიც ჯერ ქართულ სასამართლოებში აწარმოეს და დამარცხდნენ. ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟებში ყველგან დამარცხდნენ და ყველამ ამხილა, რომ ეს იყო გამოგონილი, თაღლითური სარჩელი, რომ მილიარდ-ნახევარი ამოეღოთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან. თაღლითების მიერ თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია თაღლითობას ჩადის, საკონსტიტუციო სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან. ადგა მათი წარმომადგენელი და თქვა, რომ არანაირი სანქციები არ მოგვითხოვიაო. ბოლოს და ბოლოს 2024 წელს საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს თაღლითობა მხილებულია, დიდი ხანია და ვხედავთ, რომ ცრუ ჩვენებებს აძლევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:„2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეა გასული, პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიცია მიტინგებს მართავს და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. „ლელოს“ მაშინდელმა საპარლამენტო შემადგენლობამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა. ახლაც მახსოვს, როგორ ვუყურებდი მაგიდის გადასწვრივ მსხდომ „ლელოს“ პარლამენტიორებს, რომლებიც რუსთაველიდან შემოსულ შეძახილებზე მითითებით მომიწოდებდნენ, მოთხოვნები გაგვეთვალისწინებინა – უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები გაგვეგზავნა და რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა“.
საპასუხოდ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილმა „ლელოსთან“ დაკავშირებული განცხადების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.
