2027 წელს ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით 45 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას გეგმავს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დამატებითი 45 მილიარდი ევროდან 25 მილიარდი სამხედრო დახმარებას მოხმარდება, 20 მილიარდი ევრო კი – უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერას.
„უკრაინის მოსახლეობაზე მეტად მშვიდობა არავის სურს და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. დღეს ჩვენი ყურადღება უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებაზე იქნება გამახვილებული. მინდა, 2026 წელი მიმოვიხილო. ამ წლისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებები დაფარულია. ეს კარგი ამბავია. ჩვენ თანმიმდევრულად ვურიცხავდით თანხებს, რათა უკრაინის სახელმწიფოს ფუნქციონირება გაგრძელებულიყო და დავხმარებოდით მოსახლეობისა და იმ ინფრასტრუქტურის დაცვაში, რომელსაც რუსეთი მიზანში იღებს. ეს მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამავდროულად, უკრაინა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს მაშინ, როდესაც რუსეთის თავდასხმებისგან თავს იცავს.
რაც შეეხება გაწევრიანების პროცესს, გეგმის მიხედვით მივდივართ და ველოდებით, რომ დარჩენილი ორი კლასტერი მიმდინარე წელს გაიხსნება. ეს უკრაინისთვისაც მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენი შეფასებით, 2027 წელს უკრაინის დაფინანსებაში 70 მილიარდი ევროს დეფიციტი იქნება. ამიტომ დღეს უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის ინსტრუმენტის შექმნას ვთავაზობთ. ეს ინსტრუმენტი 2027 წელს 45 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა, რათა უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან ძლიერი პოზიცია ჰქონდეს. უკრაინას კი თანხის დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთი უკრაინაში მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს. ამ სესხს თუ განვიხილავთ, ის მომდევნო წელს დაფინანსების დეფიციტის ორ მესამედს დაფარავს და ორი ნაწილისგან შედგება: 20 მილიარდი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის, 25 მილიარდი ევრო კი სამხედრო საჭიროებებისთვის. საბიუჯეტო დახმარება აუცილებელი სამოქალაქო სერვისების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ის ხელს შეუწყობს სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობის გაგრძელებას, სამხედრო დახმარება კი უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობებს მისცემს. სესხი ასევე უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ რეფორმების კურსი შეინარჩუნოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა უკრაინას მისცემს იმ პროგნოზირებადობას, რომელიც მას სჭირდება. ხვალ ბერლინში ამ წინადადებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში განვიხილავთ. ასევე შევაფასებთ სამშვიდობო პროცესის უახლეს განვითარებას, მრავალმხრივი მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ამავდროულად, აგრძელებენ მუშაობას სანქციების 22-ე პაკეტზე, რომელსაც მომდევნო კვირას წარადგენენ.
„სანქციები მუშაობს. ისინი რუსეთის ეკონომიკას მყისიერ დარტყმას არ აყენებს, თუმცა მის საფუძვლებს ასუსტებს. ამ დროისთვის ბევრი მაჩვენებელი მიუთითებს რუსეთის ეკონომიკური პერსპექტივის გაუარესებასა და რეალურ სირთულეებზე. დასასრულს, რუსეთს მკაფიო გზავნილს ვუგზავნით: ჩვენ მშვიდობა გვინდა. ამ აგრესიული ომის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ ევროპა ერთიანია. ჩვენ მტკიცედ ვართ ერთგული უკრაინის მხარდაჭერის, როგორც მანამდე – როგორც ომის, ისე მშვიდობის დროს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
