რუსეთში ფრენების შეჩერებისა და ფინეთის მიერ საზღვრის ჩაკეტვის გამო, ესტონეთ-რუსეთის სასაზღვრო პუნქტს ყოველდღიურად ასობით ადამიანი აკითხავს. ამიტომ, აქ თითქმის 6-საათიანი რიგებია.
ესტონეთიდან რუსეთის საზღვრის გადაკვეთა, დაბალი ფასის გამო, უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე თურქეთის ან სომხეთის გავლით ტრანზიტული მგზავრობა.
ნარვაში ყველაზე სწრაფად მისვლა ტალინის აეროპორტიდან მატარებლით არის შესაძლებელი, თუმცა ზოგი ტაქსით მიდის. სასაზღვრო ქალაქში მგზავრების გამორჩევა საკმაოდ ადვილია: მათ ჩვეულებრივზე მეტი ბარგი აქვთ, ხელში კი უჭირავთ სმარტფონი საგზაო რუკის აპლიკაციით.
ოთხშაბათს, 31 ივლისს, ტელეშოუ „აქტუალური კამერის“ („Actualen Caamera“) კორესპონდენტი ესაუბრა მგზავრებს, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას ელოდნენ. მათი უმეტესობა სამსახურში ან ნათესავებთან მიემგზავრება.
„მგზავრობა ძნელია, არადა, ნათესავები ყველას გვყავს. ყველა აქეთ-იქით მოგზაურობს, ასე რომ ვიტანჯებით. მე და ყველა ჩემი მეგობარი, ვინც იტალიაში ვსწავლობთ, პრობლემების გამო, ნაკლებად ვმოგზაურობთ. მე რუსეთში წელიწადში მხოლოდ ორჯერ მივდივარ“, – ამბობს ტამარა, რომელიც მილანში სწავლობს, მისი ოჯახი კი რუსეთში ცხოვრობს.
„საზღვრის იქით ჩემი ცხოვრების ნაწილია, რუსეთში ვმუშაობ. მე, ძირითადად, ტორონტოში ვარ, რადგან ჩემი ქმარი იქ ცხოვრობს. ამიტომ აქეთ-იქით მგზავრობა მიწევს. წელიწადში ერთხელ, რა თქმა უნდა. უფრო ხშირადაც ვისურვებდი, მაგრამ არ შემიძლია“, – ამბობს მარინა, რომელიც ასევე საზღვრის გადაკვეთის მოლოდინშია.
ყოველდღიურად „პეეტრი პლატსის“ სასაზღვრო პუნქტზე დაახლოებით 300-კაციანი რიგი დგას. 25 ევროდ რიგში ადგილის ყიდვაც შეიძლება, მაგრამ ასეთი შეთავაზება ბევრი არ არის.
რიგში ბევრ სხვადასხვა ენაზე საუბარს გაიგონებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საზღვრის გადაკვეთას, შესაძლოა, ექვს საათამდე დასჭირდეს.
ნატალია, რომელიც თავად იტალიაში ცხოვრობს, ნათესავები კი რუსეთში ჰყავს, ამბობს, რომ მოგზაურობა მისთვის ადვილი არ იყო. „აქტუალური კამერის“ ჟურნალისტს მან ისიც გაუმხილა, რომ ცხრა წელია, სახლში არ ყოფილა.
„ცხრა წელია, სახლში არ ვყოფილვარ და ამის დრო, როგორც იქნა, დადგა. არავინ იცის, როდის გაიხსნება საზღვარი და ეს ტანჯვა როდის დასრულდება /…/რუსეთში ერთადერთი შესასვლელი ხომ მხოლოდ აქედან არის“, – აღნიშნა მან ესტონურ ტელევიზასთან ინტერვიუში.