მოკრივე ლაშა გურული (63,5 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე წარმატებულად ასპარეზობს. მეოთხედფინალში სპორტსმენმა ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის სძლია, ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გამარჯვებით მან ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
მანამდე ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა.
ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია. ნახევარფინალურ ორთაბრძოლას ქართველი მოკრივე 4 აგვისტოს გამართავს.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი ასპარეზობს. ოლიმპიური ჩემპიონები მთავრობისგან მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნები – ნახევარ მილიონს და ბრინჯაოს პრიზიორები კი 250 000 ლარს მიიღებენ.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედალი აქვს – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.