კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსეი სმირნოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რეგიონში მტრის ძალების შემოჭრის შედეგების აღმოსაფხვრელად გადავწყვიტე 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადო“, – აღნიშნა ალექსეი სმირნოვმა.
მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეჩერებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.