უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ რუსეთის კურსკის ოლქში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ბრიგადა გააგზავნა. ინფორმაციას ამის გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.
საუბარია მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაზე. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროები ტანკებზე T-64 და T-80, ჯავშანტრანსპორტიორზე BTR-80, საინჟინრო მანქანაზე IMR-2, გამნაღმველ მანქანაზე UR-77 და ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორზე Stryker.
აქედან გამომდინარე, Forbes-ი ასკვნის, რომ საბჭოური და ამერიკული სამხედრო ტექნიკის ერთად გამოყენება მხოლოდ მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას შეუძლია.
ასეთი სერიოზული მომზადების მქონე ბრიგადის კურსკის ოლქზე შეტევაში მონაწილეობა უკრაინული ოპერაციის მასშტაბებზე მიუთითებს.
უკრაინული ძალები ადრეც ახორციელებდნენ რეიდებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა მაშინ ეს მცირე მასშტაბის აქციები იყო და რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
თუმცა დღევანდელ უკრაინულ ოპერაციაში როგორც მინიმუმ სამი ბრიგადა მონაწილეობს, თითოეული მათგანი 2 ათას ჯარისკაცს ითვლის. „სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ ის რაც კურსკში ხდება არა რეიდი, არამედ შეჭრაა“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.