ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხით, რასაც ადასტურებს ჩვენი გუნდის გამოცდილება და, ასევე, თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურის ხარისხი, რომელიც 2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოეწყო, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ „ბაკურიანი 2025-ის“ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
მისი თქმით, ოლიმპიური ფესტივალი სამთო-სათხილამურო მიმართულებით სხვადასხვა დისციპლინაში დიდველის არეალში ჩატარდება.
„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის შიგნით სპორტის პოპულარიზაციისთვის“ – აღნიშნა ბურჭულაძემ.
„ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის განკარგულებით, კომისია ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას, ასევე ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას უზრუნველყოფს.