კურსკის ოლქის 28 დასახლებას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა უკვე აცნობა პუტინს.
როგორც სმირნოვი იუწყება, უკრაინის ჯარებმა რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს და მათ მიერ კონტროლირებად სოფლებში მცხოვერბ ორი ათასამდე ადგილობრივთან კავშირი არ აქვთ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კურსკის ოლქიდან 121 ათასი ადამიანი ევაკუირებულია და საჭიროა კიდევ დაახლოებით 180 ათასის ევაკუაცია.
გუშინდლიდან ევაკუაციაა ბელგოროდის რაიონშიც. გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, მოსახლეობის 50-70%-მა უკვე დატოვა სასაზღვრო ქალაქი შებეკინო.
შეგახსენებთ, უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. მას შემდეგ რეგიონში ბრძოლა გრძელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 30-35 კილომეტრის მანძილით წაიწიეს წინ.