სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით ასე გადანაწილდა – მთლიანი მოცულობიდან 1.21 მილიარდი დოლარი სააქციო კაპიტალმა შეადგინა, 83.7 მლნ დოლარი კი – რეინვესტიციამ. სააქციო კაპიტალის მოცულობა წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 50.7%-ით აღემატება.
რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს, პირველი ათეული ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგია:
ნიდერლანდები – 386.3 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 364.3 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 182.2 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 109.5 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 103.3 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 98.4 მლნ აშშ დოლარი; მალტა – 97.4 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 90.3 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 69.4 მლნ აშშ დოლარი; შვეიცარია 41.9 მლნ აშშ დოლარი.
ეკონომიკის სექტორების განაწილების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია საფინანსო-სადაზღვევო სექტორში განხორციელდა. მეორე ადგილზე ვაჭრობის სექტორია, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორია.