დღეს კიდევ უფრო დავინახე ფსიქოლოგიურად, დავინახე ფიზიკურად, რომ შემიძლია გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი, – განაცხადა მოკრივე ლაშა გურულმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით კმაყოფილია.
„ტრავმირებული ხელით ვემზადებოდი ერთი წელი, ერთი ხელით მოვემზადე. ჩათვალეთ, ნახევარი სხეული არ მქონდა და მეორე ნახევრით მივედი მესამე ადგილამდე. დღეს კიდევ უფრო დავინახე ფსიქოლოგიურად, დავინახე ფიზიკურად, რომ შემიძლია გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.
ამ 4 წლის განმავლობაში გადავალ პროფესიონალურ კრივში. იქაც შევქმნი ჩემს კარიერას და პარალელურად, მონაწილეობას მივიღებ, სავარაუდოდ, მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ჩემი მთავარი მიზანი ისევ იქნება, რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. ამ გადმოსახედიდან, ასე მგონია, საბოლოო ჯამში ისევ ოლიმპიურ თამაშებს დავუმიზნებ“, – აღნიშნა ლაშა გურულმა.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 2008 წლის შემდეგ ქვეყანამ პირველად მოიპოვა სამი ოქროს მედალი. ამასთან, მედლების საერთო ჩათვლაში, ისტორიაში პირველად 24-ე ადგილი დაიკავა.