საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფებოდა.
ეკატერინე გალდავამ, სებ-ის საგადახდო სისტემების, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრები გამართა თურქეთის ცენტრალური ბანკის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ასევე ინვესტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობა იყო.
ყურადღება დაეთმო თურქეთის გამოცდილებას მყისიერი გადახდების სისტემისა და QR კოდების სტანდარტის დანერგვის კუთხით. მხარეები თანხმდებიან, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ამარტივებს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის დაკავშირებას.
როგორც ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას საგადახდო სფეროში – როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიწოდებით, ისე ურთიერთთავსებადი სტანდარტების, მათ შორის QR კოდის სტანდარტის შემოღებით.
„ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს გადახდის ახალი მეთოდების განვითარებას, რათა მომხმარებლებს მიეცეთ უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის ინოვაციური ალტერნატივა. QR კოდით მყისიერი გადახდები თანამედროვე და კომფორტული გადახდის საშუალებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს მასშტაბით. ამ სისტემის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად და სწრაფად განახორციელონ გადახდები მობილური ტელეფონების გამოყენებით”, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.