ჯორჯ სოროსის ვაჟმა, ღია საზოგადოების ფონდების ხელმძღვანელმა ალექს სოროსმა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან კიევში შეხვედრა გამართა.
როგორც სოროსმა X-ზე დაწერა, მისი ვიზიტი რუსეთის მიერ დაბომბვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს დაემთხვა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად უკრაინის მომავლის შესახებ სხვადასხვა კრიტიკულ საკითხზე იმუშავა.
“კარგია, რომ დავბრუნდი კიევში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ დაბომბვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე – კრიმინალური თავდასხმები უკრაინის ელექტრო ქსელზე. ვიმუშავე ანდრეი ერმაკთან და სხვებთან ერთად საპრეზიდენტო ოფისში, ქვეყნის მომავლისთვის კრიტიკულ საკითხებზე.” – დაწერა ალექს სოროსმა.
შეხვედრას გამოეხმაურა ერმაკიც, რომელმაც აღნიშნა, რომ სოროსთან ერთად განიხილა შემდგომი თანამშრომლობა უკრაინისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
“შევხვდი ამერიკელ ბიზნესმენს, ქველმოქმედს და ღია საზოგადოების თავმჯდომარეს ალექს სოროსს. ჩვენ განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობა უკრაინისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაზე.” – დაწერა ანდრეი ერმაკმა X-ზე.