უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში ფრონტზე მდგომარეობა უაღრესად რთულია, ხოლო კურსკის ოლქში უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„პოკროვსკი და სხვა მიმართულებები დონეცკის ოლქში: უაღრესად რთული სიტუაციაა. იქ თავმოყრილია რუსეთის საკვანძო ძალები და ჩვენი თითოეული დანაყოფის გამძლეობა, ოკუპანტის განადგურების უნარი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს, ყველა მეთაურს, ვინც პოზიციებს იკავებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განიხილა კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაცია.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლის არეალის გაზრდას უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში. დღესაც, როგორც ყოველ დღე, ხდება ჩვენი გაცვლითი ფონდის შევსება“, – დასძინა მან.