22 მარტის დილა 43 წლის ნანა ოჩიგავასა და 8 წლის მარიამ ჯიქურაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. აღმაშენებლის ხეივანზე, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ტრაგიკული ავარიის დეტალებსა და მძღოლების ბრალეულობას დღემდე აქტიურად განიხილავენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ ცხოვრობდა შემთხვევის მსხვერპლი მარიამ ჯიქურაძე, რა უყვარდა, რა მოსწონდა და რას წერდა პირად დღიურში…
,,პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობლებს ესაუბრა და გარდაცვლილი გოგონას შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა.
მარიამი სოფელ დიღომში მდებარე დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა, მესამე სართულზე, ერთ პატარა ოთახში, მშობლებთან და 21 წლის ძმასთან ერთად.
გარდაცვლილის სახლში მისულებს ოთახში მარიამის პატარა სკამი, ვარდისფერი ჩანთა და საყვარელი სათამაშოები გვხვდება. ოთახის კედლებზე მულტფილმის გმირებია დახატული, მაგიდაზე მარიამის გამოძერწილი და ხელნაკეთი ნივთები დევს. უცვლელად აწყვია წიგნები, რომელსაც გოგონა გარდაცვალებამდე კითხულობდა, მხოლოდ რეალობაა შეცვლილი – ოთახი ცარიელია.
გარდაცვლილის ახლობლებს მარიამის შესახებ საუბარი ვთხოვეთ, პირველი, რითაც ისინი საუბარს იწყებენ, გოგონას გონებრივი მონაცემებია.
„ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი იყო, ხატავდა, ძერწავდა, კერავდა, თოჯინებს კაბას შეუკერავდა, შარვალს, ზედას“, – ამბობს მარიამის ბებია სვეტლანა ბერულავა და გოგონას ნახატებს გვაჩვენებს.
მარიამის ბიცოლას, ეკატერინე ჭაბუკიანის თქმით, გოგონა სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. კომპიუტერის დახმარებით ინგლისურს სწავლობდა და ლაპარაკობდა კიდეც.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებისთვის ბავშვის განვითარება ხშირად სასიხარულოა, მარიამის დედის შემთხვევაში საკითხი პირიქით იყო.
მარიამის ბიცოლას ეკატერინე ჭაბუკიანის თქმით, „ბავშვი გონებაგახსნილი იყო, თავის ასაკთან შედარებით ბევრი იცოდა და დედას ამის ყოველთვის ეშინოდა. ამბობდა, მან თავის ასაკში იმდენი რამ იცის, რაც არ უნდა იცოდესო“.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები იმ უცნაურობებს უსვამენ ხაზს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ გაიაზრეს. ოჯახის ახლობლების თქმით, პატარა მარიამს სურვილი ჰქონდა, მალე გაზრდილიყო და მოკლე დროში ბევრი რამ მოესწრო. კითხვაზე: რატომ ჩქარობდა, გოგონა პასუხს არასოდეს იძლეოდა.
„სულ იმის სურვილი ჰქონდა, რომ მალე გაზრდილიყო. ამბობდა, გავიზრდები და ბევრი უნდა ვიტიროო. ხომ შეიძლება ბავშვმა თქვას, გავიზრდები და ბევრი უნდა ვიცინოო? უნდოდა, დროის უმცირეს მონაკვეთში მომხდარიყო ყველაფერი“, – ამბობს მარიამის ბიცოლა ეკატერინე ჭაბუკიანი.
ოჯახის ახლობლებმა გვაჩვენეს დღიური, რომელშიც მარიამი საკუთარ მოგონებებს ინახავდა. ეს დღიური მარიამს დეიდაშვილმა აჩუქა, სადაც ის წერს, რომ წლების შემდეგ დღიურს გახსნის და ბევრს იტირებს, სიხარულისგან. გთავაზობთ ფრაგმენტებს დღიურიდან:
„თამ (დეიდაშვილი) შენი ლოყების შეჭმა მიყვარს. ამას შენ რომ მაჩუქე მაგ წიგნში ვწერ. მინდა ჩემი და შენი მოგონებები ამ წიგნში შევინახო. ამას შენ გამო ვწერ. როცა გავიზრდები მინდა გავიხსენო და ბევრი ვიტირო. მინდა, მთელი მოგონებები ამ წიგნში შევინახო. მინდა გავიზარდო და ბევრი ვიტირო, ბევრზე ბევრი, შენი მარიამი“.
„როცა გავიზრდები ვიტირებ და ეს იქნება სიხარულის ტირილი, როცა ნინომ ნანას ქალთა დღეს თავისი საყვარელი შოკოლადი აჩუქა, მაგ დროს რაღაც ვიგრძენი, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ძილის დროს იმედია რაღაცას შენც იგრძნობ, ახლა ვეღარ მოგწერ, შენი მარიამი“.
8 წლის მარიამის გარდაცვალების შემდეგ, ოთახის დალაგებისას კომპიუტერის ქვეშ წერილი აღმოაჩინეს, სადაც მარიამი თავის დაბადების დღეს აღწერს. მარიამი წერს, რომ ქოქოსის ტორტი, ყვავილებიანი კაბა და ფერადი ბუშტები უნდა.
„გარდაცვალების დღეს ოთახს ვალაგებდით, როდესაც კომპიუტერის ქვევით წერილი ვიპოვეთ. წერილში ეწერა, რომ დაბადების დღისთვის ქოქოსის ტორტი უნდოდა. ლურჯი კაბა და შავი ფეხსაცმელები უნდა მეცვას, სად მივდივარ არ ვიციო, – წერილში ეწერა. სადღაც წასასვლელად ემზადებოდა. გაგვიკვირდა…“, – იხსენებს მარიამის ბიცოლა ეკატერინე ჭაბუკიანი.
წერილების უცნაურ შინაარსს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მარიამის უცნაური ქცევაც დაემატა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვი „მოახლოებულ უბედურებას გრძნობდა“.
მარიამის ბიცოლას თქმით, გოგონას ხილვები ჰქონდა. ამის შესახებ მან დედას გაუმხილა.
„ხილვებიც ჰქონდა. გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე, დედას უთხრა: მარიამ ღვთისმშობელი მოვიდა, თავზე ხელი დამადო და მითხრა, ბევრი ილოცე და კარგად იქნებიო. ტიროდა…“.
ლოცვის დროს, ტირილის შემთხვევას იხსენებს გარდაცვლილი გოგონას ძმაც. მისი თქმით, ერთ დღეს მარიამი ფანჯარასთან იდგა და ლოცულობდა, ზევით იყურებოდა და ტიროდა, კითხვაზე: რა სჭირდა, პასუხი არ გასცა, დაჯდა და ბევრი იტირა“.
ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ დედა მარიამს გვერდიდან არ იშორებდა და ამბობდა, რომ ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.
„ამბობდა, შეგრძნება მაქვს, მეშინია, რომ რაიმე მოხდებაო. სკოლაში თავისი ხელით ატარებდა და გვერდიდან არ იშორებდა, სხვასთანაც კი არ ტოვებდა“, – იხსენებს ბებია სვეტლანა ბერულავა.
ახლობლების თქმით, დედის წინათგრძნობა გამართლდა, შვილი დაკარგა და ახლა სიკვდილთან ბრძოლა უწევს. მისი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზეა და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.
„მართვით სუნთქვაზეა, ქალა ფუძის მოტეხილობა აქვს, ასევე მოტეხილი აქვს ხელის ორივე კიდური და ფეხი, რომელიც საოპერაციოა და ჯერჯერობით ვერ უკეთებენ, იმიტომ რომ მდგომარეობა მძიმეა“, – ამბობს ეკატერინე ჭაბუკიანი.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოჯახის ახლობლებს სხვადასხვა ვერსია აქვთ, თუმცა ყველა მათგანი აცხადებს, რომ დამნაშავე მძღოლი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
„შემთხვევები ხდება, მაგრამ ასეთი სისწრაფით მოძრაობა შუა ქუჩაში, მე არ ვიცი… დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, თუმცა მას გასამართლებაც არ უნდა. მან გააუბედურა არა მხოლოდ ეს ოჯახი, არამედ ყველა, ვინც კი მათ იცნობს“, – აცხადებენ ახლობლები.
ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომობილი მონაწილეობდა.
www.primetime.ge