უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბუდაპეშტი მხარს არ დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს ევროპაში ომს მოიტანს და უნგრელების ფულს უკრაინაში წაიღებს.
„უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს და არც დაუჭერს, რადგან ეს ევროპაში ომის მოიტანს და უნგრელების ფულს უკრაინაში წაიღებს. ვთვლით, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან წევრობის გარეშე სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაამყაროს. ეს ჩვენი წინადადებაა. ჩვენ ამ პოზიციას დავიცავთ მომავალშიც, რადგან ამის უფლება გვაქვს“, – დაწერა ორბანმა.
ორბანი ასევე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეახსენებს, რომ უნგრეთს უკრაინის ვალი არ აქვს და ქვეყნის უსაფრთხოება არა უკრაინის მიერ, არამედ ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობებითა და ნატოთია გარანტირებული.
„უკრაინა უნგრეთს არავისგან და არაფრისგან არ იცავს. ჩვენ ეს არ გვითხოვია და არც მოვითხოვთ. უნგრეთის უსაფრთხოება გარანტირებულია უნგრეთის ეროვნული თავდაცვითი პოტენციალით და ნატოთი, რომლის წევრიც უკრაინა (საბედნიეროდ) არ არის“, – დასძინა უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
უნგრეთის პრემიერი ზელენსკის ასევე შეახსენებს, რომ უნგრეთმა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე ორას მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.
