ambebi.ge-ს ინფორმაციით, მანანა გიორგობიანთან ერთად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა შორის, არის მამუკა ჩარკვიანის ვაჟი ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი.
შსს-ს განცხადების თანახმად სუპერმარკეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გიორგობიანი დაუკავშირდა სწორედ ჯაკო ჩარკვიანს, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა სუპერმარკეტში და მის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა.
“მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
