საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომის ტყეში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.
უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი ჩაერთო.
„მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართული. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.