”აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ კლინიკებში აფხაზების სამკურნალოდ წასვლის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს და აანონსებს, რომ აფხაზებისთვის რუსეთში უფასოდ მკურნალობაზე სამედიცინო პოლისები დარიგდება და ამით სულ მალე აფხაზების ქართულ კლინიკებში მკურნალობას “სამუდამოდ დახურავს” – “სამედიცინო პოლისის შემოღება საშუალებას იძლევა საზღვარი სამუდამოდ ჩავკეტოთ, რადგან ჩვენს მოქალაქეებს უკვე შესაძლებლობას ვაძლევთ რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში იმკურნალოთ” – განაცხადა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა სოხუმში ორი დღის წინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე – საუბარია იმაზე, რომ რუსული უფასო სამედიცინო პოლისებით სარგებლობის საშუალება ექნებათ რუსული პასპორტის მქონე აფხაზებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მკურნალობის სანაცვლოდ აფხაზებს რუსულ პოლისებს სთავაზობენ / “სამედიცინო პოლისის შემოღება საშუალებას იძლევა, საზღვარი სამუდამოდ ჩავკეტოთ”.
“გოოვის თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის 10-14 დღეში უნდა მოეწეროს ხელი დოკუმენტს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაზე და დაზღვევის პოლისი გაიცემა 189 ათასი რუსეთის მოქალაქისთვის, პლუს 14 წლამდე ბავშვებისთვის და აფხაზებს შეუძლიათ არა მარტო კრასნოდარში გამოიყენონ ეს უფასო პოლისები, არამედ რუსეთის ნებსიმიერ კლინიკაში. ცნობისთვის, ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მატულობს იმ აფხაზების რაოდენობა, რომლებიც სამკურნალოდ ენგურს გამოღმა საქართველოში ჩამოდის და მკურნალობს. თან საქართველოში სეპარატისტულ რეგინებში მცხოვრები აფხაზებისა და ოსებისთვის მკურნალობა უფასოა, რაც მათ დაინტერესებასაც უფრო ზრდის. 2016 წელს უფასო სამედიცინო პოლისით 1409 აფხაზმა ისარგებლა, თუმცა უფასო პროგრამებში ჩართვის გარეშეც არც თუ ცოტა აფხაზი და ოსი ჩამოდის სამკურნალოდ თუ ოპერაციის გასაკეთებლად, მაგრამ ამის აღრიცხვა არ ხდება. ბოლო წლების მონაცემებით, 2014 წელს თბილისში სამკურნალოდ 450 ეთნიკური აფხაზი ჩამოვიდა, 2015 წელს 550, 2016 კი 1409. სეპარატისტული ხელისუფლება თუ ოპოზიცია დიდი ხანია ამ ფაქტით შეშფოთებას ვერ მალავს. ხშირად ისმის წამოძახილები, რომ ადგილობრივი მოსახლეობა “საქართველოში გარბის კბილის ამოსაღებადაც კი”, რის აღსაკვეთადაც დე ფაქტო ხელისუფლებამ აქტიური მუშაობა დაიწყო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ექსპერტთა კლუბის” წევრის, ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, დღეს ერთადერთი ძაფი, რომელიც აფხაზებთან გვაკავშირებს სწორედ ჯანდაცვის სფეროა და ახლა დე ფაქტო ხელისუფლებაც და მოსკოვიც ცდილობენ ეს ძაფიც გაწყვიტონ – “ამისთვის კეთდება ეს პოლისები, რუსები ამ პოლისებით ცდილობენ აფხაზების ნაციონალისტურ ემოციებზე ითამაშონ და აფხაზებიც წამოეგებიან ამაზე, რადგან მათში ქართველებისადმი სიძულვილი ისევ მაღალია. ფე ფაქტო ხელისუფლებამ ნახა, რომ კრასნოდარის კლინიკებმა, რომლებიც კვალიფიკაციით ქართულს ჩამორჩებიან, თბილისის კლინიკები ვერ შეცვალეს და ახლა ახალი ხელშეკრულებით აფხაზების რუსულ კლინიკებში გადაბირება გადაწყდა”, – ამბობს ექსპერტი, რომლის აზრით, ექსტრემალურ სიტუაციებში აფხაზები რუსეთის დიდი ქალაქებში წასვლას ვერ შეძლებენ და ისევ თბილისში ჩამოვლენ”, – დასძენს გამოცემა.
“თუკი აფხაზებს ხარისხიანი მკურნალობა უნდათ, მათ აუცილებლად დიდი ქალაქებში და პირველ რიგში მოსკოვში ჩასვლა მოუწევთ და იმის გარდა, რომ ხელში პოლისი ექნებათ, გამგზავრებ ა და ცხოვრება ძვირი დაუჯდებათ. ამას ემატება ის, რომ რუსეთში ყველგან კორუფციაა და ექიმებს დამატებით ფული უნდა გადაუხადონ. ვისაც ფული აქვს, დღესაც უპრობლემოდ მკურნალობს მოსკოვში, ვისაც არა აქვს – მაინ თბილისში ჩამოსვლა უფროს სასურველი იქნება, რადგან მათთვის უფრო სწრაფი და შეღავათიანი მაინც ჩვენი კლინიკებია”, – ამბობს გამოცემასთან საუბრისას ირაკლი ცქიტიშვილი.
“მიუხედავად ამისა, აფხაზური საზოგადოება იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველების მიმართ ოდნავ მაინც სითბოს გამოიჩენენ, მაშინვე ჩაქოლავს – ამიტომ აფხაზებს ერთმანეთის ეშინიათ, ეშინიათ იმ ჯგუფების, რომლებისთვისაც ქართველებთან დაპირისპირება პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდების მომტანია, რადგან ეს ჯგუფები ყველაფერზე წავლენ, რათა აფხაზების ქართველებთან კონტაქტი არ დაუშვან. პირდაპირ ვაცხადებ, რომ აფხაზებს რაც არ უნდა კარგი გავუკეთოთ, ისინი ჩვენკენ გამომხედავები არ არიან – ის ადამიანებიც კი, ვინც თბილისში ჩამოვიდა და იმკურნალა”, – განმარტავს რესპონდენტი”.