გერმანიაში სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებით „ქრონიკა“ გერმანიის საელჩოს დაუკავშირდა. როგორც დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, მათ პრეზიდენტის ვიზიტის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
„გერმანიის საელჩოს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დეტალებისა და დაგეგმილი შეხვედრების შესახებ. გთხოვთ დამატებითი შეკითხვებით მიმართოთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, – განუცხადეს „ქრონიკას“ საელჩოში.
როგორც ცნობილია, გერმანიაში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს ბერლინის სასტუმრო Aquino-ში, გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან საარჩევნო შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საარჩევნო აგიტაციის ჩატარება, გერმანიის მთავრობის ნებართვას საჭიროებს, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ აკრძალულია.