უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომის გზაზე დგას. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მიზეზი ევროკავშირის მხრიდან ჩინურ ელექტრომობილებზე იმპორტზე დამატებითი ტარიფის 45%-მდე გაზრდაა, რომელზეც კენჭისყრა პარასკევს გაიმართება.
„ისინი რასაც ჩვენ გვაიძულებენ, რომ ვქნათ ან რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს, ეს არის ეკონომიკური ცივი ომი“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უნგრეთს არ უნდა, რომელიმე ეკონომიკურ ბლოკს შორის იყოს და ქვეყანას ორივე მხარესთან ვაჭრობა სურს.
ჩინური ელექტრომობილების ბატარეების ქარხანა უნგრეთში მდებარეობს და ამის ფონზე ორბანმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს, გააგრძელოს ვაჭრობა როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან.