აშშ-ის მთავრობა ლიბანში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დახმარება ლიბანის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირებს და სირიაში გადახვეწილ ლიბანელებს მოხმარდება. დახმარების 82 მილიონ დოლარს მოსახლეობის, დევნილებისა და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო გამოყოფს, ხოლო დანარჩენ 75 მილიონ დოლარს – USAID-ის ჰუმანიტარული დახმარების ბიურო.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ USAID-იმ ლიბანს უკვე გამოუყო 11,5 მილიონი დოლარი, ხოლო 63,5 მილიონი დოლარის გამოყოფაზე კონგრესთან მუშაობს.
გამოყოფილი დახმარება დიდწილად მოხმარდება ადამიანებისთვის საკვების, წყლის, პირადი ჰიგიენის ნივთებისა და საბნების შეძენას, თავშესაფრების აგებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, გასულ წელს აშშ-მა ლიბანსა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის 386 მილიონი დოლარი გამოყო.