ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ესაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში, მთელი ჩვენი პროგრამა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ორი ეროვნული ამოცანა შესრულდეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
მისივე თქმით, ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის სამთავრობო გუნდი ყველაფერს გააკეთებს.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სხვადასხვა გარემოებასა და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ რეგიონული პოლიტიკური ვითარების ცვლილების კვალდაკვალ ეს ამოცანაც შესრულდება. რაც შეეხება სიღარიბის აღმოფხვრას, აქ უფრო მეტად ვართ დამოკიდებულნი საკუთარ ძალისხმევაზე, როგორც ვთქვით, 2028 წლისთვის მაქსიმუმ 4 % იქნება სიღარიბე ქვეყანაში, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეროვნული ამოცანების შესრულება, ამისთვის ჩვენი სამთავრობო გუნდი ყველაფერს გააკეთებს. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი სლოგანი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით, არ იქნება მშვიდობის გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი უმთავრესი მოკლევადიანი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა. ამისთვის პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, ყველა ერთად მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას. ეს პროგრამა ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად ვიმუშავებთ ამ პროგრამის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.