მოლაპარაკება არ ნიშნავს დანებებას, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკი რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ჯორჯია მელონის უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო.
მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზადაა, დაეხმაროს უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის კონფერენცია რომში, 2025 წლის 10-11 ივლისს გაიმართება.
„ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში ჩავაყენოთ მოლაპარაკებებისთვის. მოლაპარაკება არ ნიშნავს დანებებას, როგორც ეს ბევრმა შემოგვთავაზა“, – განაცხადა იტალიის ლიდერმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავარია სამართლიანი დიპლომატიისთვის საჭირო პირობების შექმნა.
„მთავარია, გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია და ჩვენი ურთიერთობები უახლოეს მოკავშირეებთან, რათა შევქმნათ საჭირო პირობები სამართლიანი დიპლომატიისთვის. მსოფლიოს შეუძლია, დაინახოს, რომ რუსეთი უგულებელყოფს რეალურ დიპლომატიას და მშვიდობის ფორმულას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ამ ომის სამართლიანად დასასრულებლად”,- განაცხადა ზელენსკიმ.