ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ არჩევნები გაყალბდა, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ხალხის“ ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მარცხთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მათ რაც დაგეგმეს არჩევნებამდე, იმას აკეთებენ არჩევნების შემდეგაც.
„არაფერი მოულოდნელი ამაში არ იყო. ამის მოლოდინი ოპოზიციას ჰქონდა. სწორედ ამიტომ დაგეგმეს მათ იმგვარად, როგორც ჩაატარეს საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, არ ჩაუტარებიათ. ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ანუ, მათ რაც დაგეგმეს არჩევნებამდე, იმას აკეთებენ არჩევნების შემდეგაც. ასე, რომ აქ მოულოდნელი არაფერია. არადა, არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად ობიექტურად, მშვიდ გარემოში და შედეგი არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეს ეტყობა თვითონ საარჩევნო აპარატებსაც, ეს ეტყობა ქუჩაში გამოსულ მომხრეებსაც, ოპოზიციის მომხრეებზე ვსაუბრობ, როდესაც არჩევნებამდე ჩაატარეს თავყრილობა. ეს ეტყობოდა შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ მომხრეთა შეკრებას, რომლის დროსაც გაივსო, ფაქტობრივად, თბილისის ცენტრი მთლიანად. ეს ეტყობა, რა თქმა უნდა, „ისფედის“ გარდამავალ პარალელურ დათვლებსაც, ეს ეტყობა ეუთო/ოდირის პრესკონფერენციაზე აღიარებულ შედეგსაც, რომ ისინი კონკურენტულად თვლიან არჩევნებს, მიუხედავად კრიტიკული შენიშვნებისა. სხვათა შორის, ასეთი კრიტიკული შენიშვნები, თუ ნახავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მათ დასკვნებს, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი.
ის, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არჩევნების შემდგომი დღისთვის და არა არჩევნებისთვის, დასტურდება. მათ სურთ აურზაური, ქაოსი, რომ ამ მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი, მაგრამ ეს არ გამოვა იმიტომ, რომ სიცრუის გარშემო საზოგადოების შეკრება ძალიან რთულია“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.