ევროკავშირი საკუთარ ორ ფეხზე უნდა დადგეს და შექმნას თავდაცვის კავშირი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ესპანურ გამოცემა „ელ მუნდოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელიც შეავსებს ნატო-ს.
რობერტა მეცოლას განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის გამო ევროპა უკიდურესად არასტაბილური სიტუაციის ზღვარზეა და ევროკავშირი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, იმის მიუხედავად, ვინ შევა თეთრ სახლში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
„ევროკავშირი ყოველთვის უფრო ძლიერი, თანმიმდევრული და ეფექტური უნდა იყოს. მე ამავეს ვამბობ, როდესაც საქმე ეხება, მაგალითად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეალური გაერთიანების შექმნას. გაერთიანება, რომელსაც დიდი ხანია, ვითხოვდით, შეავსებს ნატო-ს და არ გაუწევს კონკურენციას ევროკავშირს. იანვარში იქნება ახალი პრეზიდენტი აშშ-ში და, შესაბამისად, ახალი ადმინისტრაცია. ასევე, იქნება ახალი სენატი და ახალი კონგრესი, რომლებიც ჩვენი კოლეგები არიან, როდესაც საქმე ეხება უკრაინის დახმარებას. იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.